top of page
Writer's pictureClimate Basics

რა არის მხარეთა 26-ე კონფერენცია (COP26)? #ABC

Updated: Nov 2, 2021

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.



რა არის COP26?

ეს არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეების 26-ე შეხვედრა, რომელიც წელს, 31 ოქტომბერი-12 ნოემბერის პერიოდში გლაზგოში ტარდება. არაფორმალურად, მას გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციადაც მოიხსენიებენ, სადაც კონვენციის მხარეები (სულ 197, მათ შორის, 196 სახელმწიფო და ევროკავშირი), ასევე, კიოტოს ოქმის და პარიზის შეთანხმების მხარეები, კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავენ და კონსენსუსით გადაწყვეტილებებს იღებენ.

ღონისძიების მასპინძელი და თავმჯდომარე არის გაერთიანებული სამეფო, ხოლო თანამასპინძელი იტალია. როგორც წინა შემთხვევებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გაერთიანებული სამეფოს ეფექტურ ლიდერობას და დიპლომატიას შედეგიანი მხარეთა კონფერეციისათვის.


რატომ არის COP26 კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

2015 წელს, პარიზში, მხარეთა 21-ე კონფერენციაზე (COP21), კონვენციის მხარეებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც პარიზის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. პარიზის შეთანხმება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა კლიმატის ცვლილების მიმართულებით. შეთანხმების მიხედვით, მხარეები საერთო მიზნად ისახავენ საუკუნის ბოლომდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2° C-მდე შეზღუდვას და 1.5° C-მდე შეზღუდვის მცდელობას პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. ეს მიზანი თავად მხარეების მიერ განსხვავებული და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით და ზრდადი ამბიციით უნდა იქნეს მიღწეული. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული, წიაღისეული საწვავით დომინანტური სისტემების რადიკალური ცვლილებით და გადაუდებელი, ამბიციური და სამართლიანი ეროვნული დონის სათბურის აირების შემამცირებელი ღონისძიებებით.

2021 წლის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მე-6 შეფასების ანგარიშისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ემისიების სხვაობის ანგარიშის მიხედვით, მხარეების მიერ წარდგენილი ამბიციები არ არის საკმარისი პარიზის შეთანხმების დასახული მიზნის მისაღწევად. IPCC-ის მე-6 შეფასების ანგარიშის მიხედვით, 1850-1900 პერიოდიდან დღემდე, ადამიანის საქმიანობის შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების ემისიები პასუხისმგებელია დაახ. 1.1°C დათბობაზე და თუ სასწრაფოდ არ მოხდება სათბურის აირების მასშტაბური შემცირება, 1.5 ან 2°C-მდე შეზღუდვა შეუძლებელი იქნება. UNDP-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მხარეების მიერ გაცხადებული ამჟამინდელი ამბიციები, მათი განხორციელების შემთხვევაში, ამ საუკუნის ბოლომდე მხოლოდ 2.7°C-მდე შეზღუდვას შეძლებს.

მხარეთა ეს კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მხარეებმა დაპირებებს მიღმა ისაუბრონ და პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის მიღწევის ამჟამინდელი ტემპი ააჩქარონ.


რა მთავარი საკითხები განიხილება?

მხარეთა ამ შეთანხმებას ოთხი მთავარი მიზანი აქვს:

  1. საუკუნის შუისთვის გლობალური ნულოვანი ემისიების (კლიმატნეიტრალურობის) გარანტირება და 1.5°C-იანი მიზნის უზრუნველყოფა.

  2. სახელმწიფოების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობა მიზნის მიღწევისათვის და პარიზის შეთანხმების წესების წიგნზე მუშაობის დასრულება.

  3. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ფარგლებში საჭირო ფინანსების მობილიზება

  4. კლიმატის ცვლილების არსებულ და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან ადაპტაცია ადგილობრივი მოსახლეობისა და ჰაბიტატების დასაცავად.

ძირითადი საკითხები, რომელზეც თავმჯდომარე ქვეყანა ფოკუსირდება არის შემდეგი: მსოფლიო ლიდერების სამიტი, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთაბ ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება, გლობალური ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნის აჩქარება, ახალგაზრდების და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ბუნების მნიშვნელოვნების და მდგარდი მიდგომების გლობალური კლიმატის ცვლილების მოქმედების ნაწილად დაფიქსირება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპატაციის პრაქტიკული გადაწყვეტების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის განხილვა, კლიმატის მოქმედებაში გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილების საპასუხო მოქმედებების აჩქარებისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების როლის დემონსტრირება, ტრანსპორტის სექტორის ნულოვან ემისიებზე გარდაქმნა, ადგილობრივი დონის მოქმედების დაძლიერება.

დღის წესრიგის მთავარი საკითხი მაინც არის პარიზის შეთანხმების „წესების წიგნის“ დასრულება. თუ პარიზის შეთანხმება განსაზღვრავს რა უნდა გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების თავიდან ასარიდებლად, წესების წიგნი “გვეუბნება” თუ როგორ გავაკეთოთ ეს. წესების წიგნის დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია მე-6 მუხლის წესები, ანუ როგორ შეუძლიათ მხარეებმა ითანამშრომლონ საბაზრო მექანიზმების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარიზის შეთანხმება ამ თანაშრომლობას განიხილავს, როგორც ამბიციის გაზრდის ინსტრუმენტს.


რა არის მსოფლიო ლიდერების სამიტი?

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ყველა ქვეყნების ლიდერი მოიწვია მსოფლიო ლიდერების სამიტზე, რომელიც 1-2 ნოემბერს იმართება, სწორედ მხარეთა კონფერენციის ფარგლებში. მოწვევა ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების მოქმედების მნიშვნელოვნებას და პრიორიტეტს. ლიდერები სიტყვით გამოვლენ, რომელიც გადმოიცემა პირდაპირ ეთერში. სამიტს ესწრება საქართელოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც 1 ნოემბერს, მიმართავს სამიტს. სამიტს ესწრება 120-მდე ქვეყნის ლიდერი.

სამიტს ესწრებიან: ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ინდოეთის პერმიერ-მინისტრი ნარენდრა დამოდარდას მოდი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ​ფუმიო კიშიდა, კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა.

სამიტს არ/ვერ ესწრებიან: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და სხვა.


რა არის საქართველოს ეროვნული წვლილი და რა დღის წესრიგით მიდის საქართველოს დელეგაცია COP26-ზე?

2015 წელს, პარიზის შეთანხმების მიღებამდე, საქართველომ წარადგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი (INDC), ხოლო 2021 წლის მაისში წარადგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული განახლებული წვლილი (Updated NDC), რომელიც წინასთან შედარებით ამბიციურია.

განახლებული წვლილის მიხედვით, საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, შეამციროს ეროვნული სათბურის აირების ემისიები 35%-ით 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით (მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობასა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) გარეშე). ასევე, საქართველო იღებს პირობით ვალდებულებას, 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით, 50-57%-ით შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გლობალური ემისიების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 ან 1.5°C-მდე შეზღუდვის სცენარს შესაბამისი თანმიმდევრობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით. აქვე აღსანიშნავია, რომ 1990 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი არის 45, 813 გგ CO2ეკვ., ხოლო 2017 წელს - 17,766 გგ CO2ეკვ.

საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ასევე გარემოს მთლიანობის ჯგუფებში. საქართველოს დელეგაცია მხარეთა ყველა კონფერენციაზეა დასწრებული (იხ. სია). კახა მდივანი, საქართველოს დელეგაციის წევრი, არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი საკონსულტაციო ორგანოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებზე (SBSTA) ვიცე-თავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სახელით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელსაც მიიღებს საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას, თუმცა, ამჯერად საქართველოს ერთი საკითხი აქვს დღის წესრიგისთვის „სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიღწევა კონვენციის შიდა მექანიზმებში“ (The agenda item is as follows: “Achieving equitable geographic representation in the composition of constituted bodies under the Convention.”). თუ საკითხი სხვა ქვეყნების მიერ დაიბლოკა, ის საბოლოო დღის წესრიგში ვერ მოხვდება.

მაია ცხვარაძე, კლიმატის ცვლილების სამმართველსო უფროსი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „დღეის მდგომარეობით, UNFCCC-ის ფარგლებში არსებული მრავალი მექანიზმის მართვაში მონაწილეობის უფლება არ აქვს აღმ. ევროპის განვითარებად ქვეყნებს, ვინაიდან, როდესაც აღნიშნული მექანიზმები შეიქმნა, იმ მომენტში მოლაპარაკეკებში არ მონაწილეობდნენ ეს ქვეყნები. ჯგუფის არსებობის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგზავნება მოთხოვნა მოლაპარაკების დღის წესრიგში საკითხის დამატებისთვის. ინიციატივა საქართველოს და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის სახელით მომზადდა, საქართველოს ინიციატივითა და ლიდერობით. გასვლის შემთხვევაში, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც უნდა გამოასწოროს ეს უთანასწორობა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებსაც ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კონვენციის მექანიზმების მართვაში.

2012 წლიდან საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში უსასყიდლოდ ეხმარება იურიდიული კომპანია DLA Piper, რომელიც ჩართულია როგორც მხარეთა კონფერენციისთვის მოსამზადებელ პროცესში, ასევე, უშუალოდ კონფერენციის მიმდინარეობისას მოლაპარაკებებში. იხილეთ ვიდეო ამ თანამშრომლობის შესახებ.


გამოყენებული წყაროები:

184 views0 comments

Comments


bottom of page