ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტი მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
მხარეთა კონფერენცია, ანუ COP
„მხარეთა კონფერენცია“ (COP) არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) უმაღლესი ორგანო. ეს კონვენციის მხარეების ფორმალური შეხვედრაა, სადაც რეგულარულად იკრიბებიან და განიხილავენ კონვენციის განხორციელების საკითხებს და კონვენციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტს. მხარეთა შეთანხმებები ფორმდება გადაწყვეტილებების სახით. COP-ს არაფორმალურად გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციასაც უწოდებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ UNFCCC-ის მიზანია, მხარეებმა მიაღწიონ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციიის სტაბილიზაციის იმ დონეს, რაც კლიმატის სისტემაზე საშიშ ზემოქმედებას შეაჩერებს.
UNFCCC-ის მხარეთა კონფერენცია (COP) ასრულებს კიოტოს ოქმის მხარეთა (CMP) და პარიზის შეთანხმების მხარეთა (CMA) შეხვედრების უმაღლესი ორგანოს ფუნქციასაც. თუმცა თითოეულის შემთვევაში მხოლოდ ისინი მონაწილეობენ კენჭისყრაში, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები არიან.
კონვენციის მხარეები კონფერენციის ფარგლებში იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, თუ თავად მხარეები სხვანაირად არ გადაწყვეტენ. შესაბამისად, როგორც წესი, მხარეთა კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. აღსანიშნავია, რომ COP-ების ისტორიაში, ანუ 1995 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 2020 წელს გლობალური პანდემიის გამო ვერ ჩატარდა და ერთი წლით გადაიდო. მხარეთა 26-ე კონფერენცია, რომელიც წელს გლაზგოში იმართება, 2020 წელს უნდა გამართულიყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი COP6-ის გამო შეიკრიბნენ ორჯერ, ვინაიდან პირველი შეხვედრისას შეთანხმება ვერ შედგა.
ამჟამად, UNFCCC-ს 197 მხარე ჰყავს, მათ შორის, საქართველოც, რომელიც 1994 წლიდან შეუერთდა კონვენციას და მას შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ყველა მხარეთა კონფერენციაზეა ნამყოფი, ჯამში 25 კონფერენციაზე. წელსაც მიემგზავრება 26-ე მხარეთა კონფერენციაზე.
მხარეთა კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგ. გაერო, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები და ა.შ.). ასევე, სესიებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების უფლება აქვს ნებისმიერი ორგანოს ან დაწესებულებას, ეროვნული თუ საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო, რომელსაც კონვენციის მოქმედების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში გააჩნია კომპეტენცია.
კონვენციის სამდივნო მდებარეობს ქალაქ ბონში (გერმანია) და ესაა მხარეთა კონფერენციის ჩატარების ადგილიც, თუ რომელიმე მხარე შეხვედრის მასპინძლობას არ შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ ბონში სულ 3 კონფერენციაა გამართული.
მხარეთა კონფერენციის თავმჯდომარეობა განისაზღვრება როტაციის პრინციპით გაეროს ხუთ რეგიონს შორის : (1)აფრიკა, (2)აზია, (3)ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი, (4)აღმოსავლეთ ევროპა, (5)დასავლეთ ევროპა და სხვები.[1] შეხვედრის შედეგიანობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავმშჯომარე ქვეყნის დიპლომატიასა და ორგანიზებულობას.
მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტილებები და მათი სამართლებრივი ძალა
მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, ანუ არცერთი მხარე უნდა იყოს წინააღმდეგი. შესაბამისად, თუ ერთი მხარეც არის წინააღმდეგი, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. სწორედ, ამიტომ არის განსაკუთრებულად რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. COP იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაგალითისთვის, კიოტოს ოქმი და პარიზის შეთანხმება. COP-ის სხვა გადაწყვეტილებები არ არის სამართლებრივი ძალის მქონე, თუ, გამონაკლის შემთხვევებში, ამის უფლებამოსილებას თავად საერთაშორისო ხელშეკრულება მკაფიოდ არ აძლევს.[2] მაგალითად, პარიზის შეთანხმების ტექსტი პირდაპირ ანიჭებს უფლებამოსილებას მხარეებს, რომ მიიღონ დამატებითი წესები და პროცედურები (ე.წ. პარიზის წესების წიგნი), რომელიც შეიძლება სამართლებრივი ძალის მქონე იყოს.
მოლაპარაკებების პროცესი
მოლაპარაკების პროცესი ძალიან ინტენსიური, სტრესული, შრომატევადი და რთულია. ინტენსიურობასა და სირთულეს ბევრი მიზეზი განაპირობებს. კლიმატის ცვლილების მოქმედება შეეხება სახელმწიფოს ეკონომიკის ყველა სფეროს, რაც სისტემურ ცვლილებას მოითხოვს. ვინაიდან, სახელმწიფოებს განსხვავებული ინტერესები, პრიორიტეტები, განვითარების დონე და პერსპექტივები აქვთ, ესართულებს კონსენსუსის მიღწევას.[3] მოლაპარაკება ზოგჯერ წარმატებით სრულდება, როგორც პარიზის შეთანხმება, ხანდახან კი კრახით, მაგალითად, ასეთია კოპენჰაგენის მხარეთა კონფერენცია. მოლაპარაკებები ასევე საკმაო ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების დელეგატების მხრიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების წინახაზზე არიან.
მოლაპარაკებებისგან გადაღლილი დელეგატი
მხარეთა მე-15 კონფერენციაზე, კოპენჰაგენში
ისტორიული ექკურსი
კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წელს. კონვენციის მიხედვით, მხარეთა პირველი კონფერენცია გაიმართა 1995 წლის მარტში ბერლინში. დღემდე ჩატარდა მხარეთა 25 კონფერენცია, ხოლო 26-ე იმართება 2021 წლის 31 ოქტ.-12 ნოემბ. გლაზგოში. წელს მასპინძელი გაერთიანებული სამეფოა, ხოლო თანამასპინძელი - იტალია. მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილეებს, მათ შორის, მსოფლიო ლიდერებს ელიან, მაინც საფრთხეა, რომ გლობალური პანდემიის და შეზღუდვების გამო, ნაკლებად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიდან დელეგატები ვერ ჩავიდნენ შეხვედრაზე.[4]
ყველა მხარეთა კონფერენციას თავისი როლი ჰქონდა, ზოგი მეტად გამორჩეული, შედეგიანი და დასამახსოვრებელია, ზოგი ნაკლებად. ქვეყნების ლიდერებიც ხშირად ესწრებიან შეხვედრებს. ამით განსაკუთრებულად გამორჩეულია, კოპენჰაგენის (2009), კანკუნის (2010), პარიზის (2015) და ახლა უკვე გლაზგოს (2021), სადაც 1-2 ნოემბერს მსოფლიო ლიდერების სამიტი იმართება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწვევით და COP26-ის ფარგლებში.
ბერლინი, მხარეთა პირველი კონფერენცია (COP1),
შუაში ანგელა მერკელი, ამ დროს იგი გერმანიის არემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი იყო
კოპენჰაგენი, მხარეთა მე-15 კონფერენცია (COP15),
დიდი საერთაშორისო მოლოდინის და განვითარებული ქვეყნების ლიდერების
ზეწოლის მიუხედავად, საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ შედგა
კოპენჰაგენი, მხარეთა მე-15 კონფერენცია (COP15),
შეხვედრის წარუმატებლობისგან იმედგაცრუებული რედიოჰედის სოლისტი, ტომი იორკი
ვარშავა, მხარეთა მე-19 კონფერენცია (COP19),
ფილიპინების დელეგატის, ნიდერევ სანოს, ემოციური გამოსვლა, რომელმაც კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდისთვის შიმშილობა გამოაცხადა. COP19-მე 2 დღით ადრე ფილიპინებში დამანგრეველი ტაიფუნი იყო, რომელიც დელეგატის აღნიშნით, სწორედ კლიმატის ცვლილების და კრიზისის შედეგი იყო.
პარიზი, მხარეთა 21-ე კონფერენცია (COP21),
პარიზის შეთანხმების მიღების შემდეგ
ბონი, მხარეთა 23-ე კონფერენცია (COP23),
დელეგატები დროს არ კარგავენ და შესვენებისას განიხილავენ საკითხს
კატოვიცე, მხარეთა 24-ე კონფერენცია (COP24),
გახარებული მიქაელ კურტიკა პარიზის წესები წიგნის მიღების შემდეგ
მხარეთა შეთანხმებები რიგითობის მიხედვით
COP1 | ბერლინი, გერმანია, 1995 წ. | |
---|---|---|
COP2 | ჟენევა, შვეიცარია, 1996 წ. | |
COP3 | კიოტო, იაპონია, 1997 წ. | |
COP4 | ბუენოს-აირესი, არგენტინა, 1998 წ. | |
COP5 | ბონი, გერმანია, 1999 წ. | |
COP6-1 | ჰააგა, ჰოლანდია, 2000 წ. | |
COP6-2 | ბონი, გერმანია, 2001 წ. | |
COP7 | მარაკეში, მოროკო, 2001 წ. | |
COP8 | ახალი დელი, ინდოეთი, 2002 წ. | |
COP9 | მილანი, იტალია, 2003 წ. | |
COP10 | ბუენოს-აირესი, არგენტინა, 2004 წ. | |
COP11/CMP1 | მონრეალი, კანადა, 2005 წ. | |
COP12/CMP2 | ნაირობი, კენია, 2006 წ. | |
COP13/CMP3 | ბალი, ინდონეზია, 2007 წ. | |
COP14/CMP4 | პოზნანი, პოლონეთი, 2008 წ. | |
COP15/CMP5 | კოპენჰაგენი, დანია, 2009 წ. | |
COP16/CMP6 | კანკუნი, მექსიკა, 2010 წ. | |
COP17/CMP7 | დურბანი, სამხრეთ აფრიკა, 2011 წ. | |
COP18/CMP8 | დოჰა, ყატარი, 2012 წ. | |
COP19/CMP9 | ვარშავა, პოლონეთი, 2013 წ. | |
COP20/CMP10 | ლიმა, პერუ, 2014 წ. | |
COP21/CMP11 | პარიზი, საფრანგეთი, 2015 წ. | |
COP22/CMP12/CMA1-1 | მარაკეში, მოროკო, 2016 წ. | |
COP23/CMP13/CMA1-2 | ბონი, გერმანია, 2017 წ. | |
COP24/CMP14/CMA1-3 | კატოვიცე, პოლონეთი, 2018 წ. | |
COP25/CMP15/CMA2 | მადრიდი, ესპანეთი, 2019 წ. | |
COP26/CMP16/CMA3 | გლაზგო, გაერთ. სამეფო, 2021 წ. | |
გამოყენებული წყაროები:
მითითებული ლიტერატურა: [1] "სხვა სახელმწიფოები" შედის ავსტრალია, კანადა, ისლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია და აშშ.
[2] Jutta Brunnee. "COPing with Consent: Law-Making Under Multilateral Environmental Agreements," Leiden Journal of International Law 15, no. 1 (მარტი 2002), გვ. 21-22
[3] Daniel Bodansky, Junta Brunne., Lavanya Rajamani. "Introduction to International Climate Change Law", Oxford: Oxford University Press, 2017, გვ. 3-4
[4] Sebastien Duyck, Erika Lennon, Francesca Mingrone, Nikki Reisch and Lien Vandamme. "Real ambition vs. false solutions: What’s at stake during COP26?"
コメント