top of page

ემისიების სხვაობის ანგარიში 2021

Updated: Dec 14, 2021

ყოველწლიურად გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (The United Nations Environment Programme, იგივე UNEP) აქვეყნებს ანგარიშს სახელად „ემისიების სხვაობის ანგარიში” (The Emissions Gap Report). ანგარიშის მთავარი მიზანია გამოკვეთოს ის სხვაობა, რაც 2030 წლისთვის სათბური აირების მოსალოდნელ და სასურველ დონეს შორის იქნება. ემისიების სასურველი დონე პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ ტეპერატურულ მიზნებს უკავშირდება. მეცნიერების აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საუკუნეში გლობალურმა დათბობამ 1,5°C-ზე არ გადააჭარბოს, რათა შევძლოთ კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი ზემოქმედების თავიდან აცილება.[1] ამისათვის საჭიროა მსოფლიომ მომავალი რვა წლის მანძილზე წლიური ემისიები გაანახევროს.[2]

საერთო ჯამში, სხვაობას მას შორის, თუ „სად ვიქნებით სავარაუდოდ” და „სადაც უნდა ვიყოთ წესით“, „ემისიების სხვაობა“ ქვია.

UNEP-ის „ემისიების სხვაობის ანგარიში“ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) წინ გამოქვეყნდა და მოიცავს როგორც კრიტიკულ, ასევე, იმედის მომცემ მესიჯებს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული დაპირებები საკმარისი არ იქნება პარიზის შეთანხმების მიზნის მისაღწევად, ნულოვანი ემისიების დაპირებები იმედის მომცემია. COP26 გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეების 26-ე შეხვედრაა, რომელიც ამჟამად გლაზგოში მიმდინარეობს. კონფერენციაში საქართველოც იღებს მონაწილეობას.

წარმოგიდგენთ „ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მთავარი მესიჯების მოკლე მიმოხილვას.


ახალი/განახლებული NDC-ების ანალიზი

კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად აუცილებელია მყისიერად გარდავქმათ ის სისტემები, რომლებზეც ჩვენი ეკონომიკა დგას, ეს გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებას, მშენებლობას, მრეწველობას, ტრანსპორტს, მიწათსარგებლობასა და სოფლის მეურნეობას.

თუმცა, ანგარიში გვიჩვენებს, რომ საჭირო ცვლილებები საუკეთესო შემთხვევაში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, უარეს შემთხვევაში კი - სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის.

2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 120 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, წარდგენილი აქვს ახალი ან განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტები (დიაგრამა 1). შეგახსენებთ, რომ NDC არის თავად ქვეყნების მიერ განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმების საერთო მიზნის მიღწევისთვის. ერთად აღებული ეს ქვეყნები გლობალური სათბურის აირების ემისიების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ. ამ 120 ქვეყნის თითქმის ნახევარმა (49%) წარადგინა განახლებული NDC, რომელიც წინა NDC-სთან შედარებით 2030 წლისთვის ემისიების შემცირების უფრო ამბიციურურ მიზანს განსაზღვრავს.[3] საქართველომ 2021 წლის მაისში წარადგინა განახლებული NDC, რომელიც წინასთან შედარებით ამბიციურია. განახლებული NDC-ის მიხედვით, საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, შეამციროს ეროვნული სათბურის აირების ემისიები 35%-ით 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით (მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობასა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) გარეშე).[4]

დიაგრამა 1 - ქვეყნების რუკა ახალი/განახლებული NDC-ების შეფასების მიხედვით

მწვანე - 2030 წლისთვის ექნებათ ნაკლები ემისიები, ვიდრე წინა NDC-ით იყო განსაზღვრული; ნაცრისფერი - არ წარუდგენიათ ახალი/განახლებული NDC; ვარდისფერი - ახალი/განახლებული NDC-ის მიხედვით ექნებათ უფრო მეტი ემისიები, ვიდრე წინა NDC-ით; ცისფერი - ახალი/განახლებული NDC არ ედრება წინას.


2021 წლის „ემისიების სხვაობის ანგარიშის” მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნები ემისიების შემცირების დაპირებებს შეასრულებენ, გლობალურ ემისიებზე ამას მხოლოდ მცირე გავლენა ექნება.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნების მიერ წარდგენილი ახალი ან განახლებული NDC-ები და ემისიების შემცირები დაპირებები საკმარიად ამბიციური არაა. არსებული დაპირებების სრულყოფაში მოყვანა გლობალურ ემისიებს მხოლოდ 7.5%-ით შეამცირებს, მაშინ როდესაც პარიზის შეთანხების 1.5°C მიზნის მისაღწევად ემისიების 55%-ით შემცირებაა საჭირო.[5]

ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2030 წლისთვის წარდგენილი დაპირებები შესრულდება, მსოფლიო ტემპერატურის 2.7°C-ით ზრა გარდაუვალი იქნება.

დაპირებები ნულოვანი ემისიების შესახებ

იმედის საფუძველს იძლევა გრძლევადიანი დაპირებები ნულოვანი ემისიების (net zero emissions) შესახებ, რომელიც UNFCCC-ის 50 მხარემ უკვე გაახმოვანა. ნულოვანი ემისიები მიიღწევა მაშინ, როდესაც ანთროპოგენური ემისიების გაფრქვევისა და ატმოსფეროდან მათი შთანთქმის (removals) ჯამი ნულის ტოლი იქნება.[6]

ანგარიშის მიხედვით, ნულოვანი ემისის მიზნის ანალიზისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოიცავს თუ არა სამიზნე ყველა სათბურ აირს, თუ მხოლოდ CO2-ს. განსხვავება ისაა, რომ CO2-ის ნულოვანი ემისია გლობალურ დონეზე ასტაბილურებს გლობალურ დათბობას, ხოლო ყველა სათბურის აირის ნულოვან ემისიას მივყავართ ჯერ გლობალური დათბობის პიკამდე, ხოლო შემდეგ კი დათბობის შემცირებამდე.

იმისათვის, რომ 1.5°C ტემპერატურულ ლიმიტს მივაღწიოთ, საჭიროა CO2-ის გლობალურმა ემისიამ ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის მიაღწიოს, ხოლო სხვა გლობალურმა სათბურის აირებმა - 15-20 წლის დაგვიანებით.

იმ შემთხვევაში, თუ ნულოვანი ემისიების დაპირებები ეფექტურად შესრულდება, მსოფლიოში ტემპერატურა 2.2°C-ით გაიზრდება, რაც შედარებით ახლოსაა პარიზის შეთანხმების 2°C მიზანთან.

დღესდღეისობით მსოფლიოს 49 ქვეყანასა და ერთ მხარეს (ევროკავშირს) აქვს განსაზღვრული ნულოვანი ემისიის პირობები ეროვნულ კანონმდებლობაში, პოლიტიკის დოკუმენტებში ან უმაღლესი აღმასრულებელი პირების განცხადებებში. ეს დაპირებები მოიცავს ამჟამინდელი გლობალური სათბურის აირების ემისიების ნახევარზე მეტს, მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნახევარზე მეტსა და მსოფლიო მოსახლეობის მესამედს.[7] ეს თავისთავად დადებითი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ნულოვანი ემისიების დაპირებები, ანგარიშის მიხედვით, ბუნდოვანია და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გაურკვეველი ან გადაუწყვეტელი რჩება. შესაბამისად, „ემისიების სხვაობის ანგარიში” აკრიტიკებს მხარეებს და ხაზს უსვამს დაპირებების შესრულებისთვის აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯებისა და მოკლევადიანი მიზნების წარდგენის მნიშვნელობას, რომელიც პროცესში გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს.

„ემისიების სხვაობის ანგარიშში”, ასევე, ხაზი გაესვა მეთანის ემისიის შემცირების მნიშვნელობას, როგორც წიაღისეული საწვავიდან, ასევე, ნარჩენების და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან. CO2-ის შემდეგ მეთანი არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირი და გლობალური ანთროპოგენური მეთანის ემისიები კვლავ მზარდია. ანგარიშის მიხედვით, მეთანის ემისიების შემცირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ემისიების სხვაობის შემცირებას და მოკლევადიან პერსპექტივაში დათბობაც შეამციროს.[8]

დიაგრამა 2 - ქვეყნების ემისიების ტრაექტორიები გრძელვადიანი სტრატეგიების მიხედვით


პოსტ-პანდემიური განვითარების გეგმები

ქვეყნების ნაწილი შეეცადა პოსტპანდემიური განვითარების გეგმები ეკონომიკის დაბალ-ნახშირბადიანი ტრანფორმაციის წახალისებისთვის გამოეყენებინა, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიზნესის დახმარების მოკლევადიან პაკეტში მწვანე პირობითობის გამოყენებას. ასევე, სახელმწიფოს პოსტპანდემიურ პოლიტიკაში დაბალ-ნახშირბადიანი საკითხების გათვალისწინებით მწვანე პროექტებისა და მწვანე ინვესტიციების წახალისებას.[9]

„ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მიხედვით სახელმწიფოების უმეტესობამ, განსაკუთრებით ღარიბმა და მოწყვლადმა ქვეყნებმა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. სახელმწიფოების უმეტესობამ ვერ შეძლო პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზება, ასევე, ვერ შეძლო ამ ხარჯებში მწვანე თემატიკის გათვალისწინება. ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეიძლება იწოდოს „ლიდერად“ კრიზისიდან დაძლევის მწვანე სტრატეგიის არსებობის თვალსაზრისით. ეს ქვეყნებია გერმანია, კანადა, ფინეთი, ნორვეგია და დანია. ამ ქვეყნების კრიზისიდან დაძლევის სახელმწიფო ხარჯებში მწვანე თემატიკის წილი 39-დან 75-მდე პროცენტამდე მერყებს.[10]


ნახშირბადით ვაჭრობა

პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლი და ნახშირბადით ვაჭრობის საერთაშორისო ბაზრების ამუშავება შეიძლება პირდაპირ არ მიანიშნებდეს კლიმატის ამბიციურ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, „ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მიხედვით ნახშირბადით ვაჭრობამ შესაძლოა იმოქმედოს ბერკეტად და სახელმწიფოებს, კომპანიებსა თუ სხვა აქტორებს კლიმატის ამბიციური პოლიტიკის განცორცილებაში ხელი შეუწყოს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც წესები გამჭვირვალე და მკაფიოდ განსაზღვრული იქნება, ხოლო ნახშირბადის ტრანზაქციები ემისიების რეალურ შემცირებას ასახავს.[11]

იმისათვის, რომ ნახშირბადით ვაჭრობის პოტენციალი გამოვიყენოთ, საჭიროა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანოთ. COP26-ის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მე-6 მუხლისთვის საჭირო სახელმძღვანელო მითითებების გადაწყვეტა, რაც გადამწყვეტი იქნება ნახშირბადით ვაჭრობის გლობალური ბაზრის ამუშავებისთვის.

 

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

 

გამოყენებული მასალა

  1. Boehm, Sophie, Katie Lebling, Kelly Levin, Hanna Fekete, Joel Jaeger, Richard Waite, Anna Nilsson, m.fl. “State of Climate Action 2021: Systems Transformations Required to Limit Global Warming to 1.5°C”. World Resources Institute, 2021. https://doi.org/10.46830/wrirpt.21.00048.

  2. IPCC. “Summary for Policymakers — Global Warming of 1.5 oC”, 2018. https://www.ipcc.ch/sr15/chapter/spm/

  3. United Nations Environment Programme. “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. Nairobi, 2021.

  4. საქართველოს მთავრობა. “საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი და განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)”, 2021.

მითითებული წყაროები: [1] IPCC, “Summary for Policymakers — Global Warming of 1.5 oC”, 2018, https://www.ipcc.ch/sr15/chapter/spm/. [2] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered” (Nairobi, 2021). [3] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. [4] საქართველოს მთავრობა, “საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი და განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)”, 2021. [5] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. [6] United Nations Environment Programme. [7] United Nations Environment Programme. [8] United Nations Environment Programme. [9] United Nations Environment Programme. [10] United Nations Environment Programme. [11] United Nations Environment Programme.

209 views0 comments

Comments


bottom of page