top of page
Writer's pictureClimate Basics

რა არის COP27? #ABC

შეგიძლიათ მანამდე გადაიკითხოთ COP26-ის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატიები:

შესავალი

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე კონფერენცია (COP27), ე.წ. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, წელს, 6-18 ნოემბერს, შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში[1] გაიმართება. 1995 წლიდან მოყოლებული, ეს ყოველწლიური ორ კვირიანი კონფერენცია არის გლობალურ დონეზე კლიმატის კრიზისზე დისკუსიის მნიშვნელოვანი სივრცე მსოფლიო ლიდერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოწყვლადი თემების წარმომადგენლებისთვის. COP27-ის ფარგლებში, 7-8 ნოემბერს მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება, სადაც გლაზგოსგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ლიდერთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისის ეროვნულ პოლიტიკურ დღის წესრიგებსა და პროგრამებში ადგილის გარანტირებისთვის.

ეგვიპტის COP27-ის მიზანია ააჩქაროს გლობალური მოქმედება კლიმატისთვის როგორც სათბურის აირების შემცირების გზით, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ძალისხმევის და მოქმედებისათვის საჭირო ფინანსური ნაკადების გაზრდით. ეგვიპტის აღნიშვნით, „სამართლიანი ტრანზიცია“, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებული ქვეყნებისათვის პრიორიტეტად რჩება. ეს არის პირველი საერთაშორისო შეხვედრა გლაზგოს შემდეგ, სადაც მოხდა გლაზგოს პაქტი მიღება (პაქტის ერთ-ერთი საკითხია ქვანახშირის ეტაპობრივი შემცირება) და აქტიურად გადაიხედება პაქტის იმპლემენტაცია. ასევე, ეს პირველი COP-ია კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მე-6 ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისად, ანგარიშის შედეგებს გარკვეული როლი ექნება მოლაპარაკებებისას.

მართალია, გაეროს მოლაპარაკებები არის კონსესუსზე დაფუძნებული, შესაბამისად, რთულია შეთანხმება ამდენი განსხვავებული ქვეყნის, მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების, განვითარების დონისა თუ მისწრაფებების ფონზე. თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რომ ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასპინძელ ქვეყანას, რომელიც ამავდროულად COP-ის თავმჯდომარეა, მის დიპლომატიურ ოსტატობას და პრიორიტეტიზირებული თემების პროგრამას. წელს ეგვიპტე იმპლემენტაციაზე ფოკუსირდება და თემატური დღეებიც ამის მიხედვით აქვს განსაზღვრული: ფინანსები, მეცნიერება, ახალგაზრდები და მომავალი თაობები, დეკარბონიზაცია, ადაპტაცია და სოფლის მეურნეობა, გენდერი, წყალი, სამოქალაქო საზოგადოება, ენერგია, ბიომრავალფეროვნება და გადაწყვეტები.

COP27-ის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია. სრული აქცენტი არის დაპირებების და ვალდებულებების იმპლემენტაციაზე. ინტენსიური მოლაპარაკებები არის მოსალოდნელი თითქმის ყველა მიმართულებით: ზიანი და ზარალი (loss and damage), ადაპტაციის გლობალური მიზანი, 2023 წლის გლობალური შედეგების შეჯამება, კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამა, პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლი და სხვა.

ამ ბლოგს აქვს საინფორმაციო ხასიათი. კრიტიკის, აქტივიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა თემების შესახებ, ცალკე ბლოგს გამოვაქვეყნებთ.

REUTERS/Sayed Sheasha

კლიმატის ცვლილების შერბილება (Climate Mitigation)[2]

პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანი, პრე-ინდუსტრიული დონიდან ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შენარჩუნება და 1,5°C-მდე შენარჩუნების მცდელობა, მოითხოვს გაბედულ და გადაუდებელ ღონისძიებებს და ყველა სახელმწიფოს მიერ კლიმატის ცვლილების ძალისხმევის ამბიციის ზრდას. განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ სამაგალითო ლიდერები ამ მიმართულებით.

COP27 მოუწოდებს ქვეყნებს საკუთარი დაპირებებისა და ვალდებულებების შესრულებისაკენ. ასევე, ამბიციის გაზრდისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროგრამის მიღებისაკენ.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია (Climate Adaptation)[3]

გლაზგოში, COP26-ზე, მსოფლიო ლიდერები, მთავრობები და, ზოგადად, კონვენციის მხარეები გლობალურ მოქმედებას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ადაპტაციის გლობალური მიზნის მიმართულებით გლობალური სვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტრემალური ამინდების, თბური ტალღების, წყალდიდობების, ტყის ხანძრების ფონზე.

COP27 აქტიურად მოუწოდებს მხარეებს საჭირო პროგრესისა და პოლიტიკური ნების დემონსტრირებისაკენ, რათა გაიზარდოს კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ მედეგობა და ყველაზე მოწყვლადი თემების და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება.

კლიმატის დაფინანსება (Climate Finance)

COP27-ზე აქტიურად განიხილება კლიმატის დაფინანსების პროგრესი, ვინაიდან პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა მეტწილად კლიმატის დაფინანსების ადეკვატურობაზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით კი აფრიკის, ნაკლებად განვითარებული (LDC) და პატარა კუნძული სახელმწიფოების (SIDS) ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

კლიმატის დაფინანსების არსებული ვალდებულებები და დაპირებები საჭიროებს გამჭვირვალობას, რათა დადგინდეს რა მდგომარეობაა ახლა ამ მიმართულებით და რა არის დამატებით საჭირო. წელიწადში 100 მლრდ ფინანსური ნაკადების მობილიზება და ამ განვითარებული ქვეყნების მიერ ამ დაპირების შესრულება, გაზრდის ნდობას განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ესეც COP27-ის მნიშვნელოვანი თემაა.

თანამშრომლობა (Collaboration)

თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მიზნების შესრულებისა და იმის გარანტიისთვის, რომ მსოფლიო ისეთ უფრო მედეგ და მდგრად ეკონომიკურ მოდელების ავითარებს, სადაც ცენტრალური ადგილი და გათვალისწინება ადამიანებს აქვთ.

თავმჯომარე ქვეყნის განცხადებით, ისინი დაუღალავად მუშაობენ, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს COP27-ში მონაწილეობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი აფრიკის რეგიონში კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად თემებს და წარმომადგენლებს. მათივე განცხადებით, კლიმატის საუბრებში ადამიანის ცენტრალური ადგილი არის იმპერატიული.

თანამშროლობის გაძლიერება იმასაც მოიაზრებს, რომ მთავრობებმა, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაონ ტანდემში, რათა მოხდეს იმ გზების ტრანსფორმაცია, რითიც ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს პლანეტასთან. შესაბამისად, COP27 შეეცდება ახლებური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების საკითხის დასმას, რაც დაეხმარება კლიმატის ცვლილებების საზიანო შედეგების თავიდან არიდებაში. განსაკუთრებით კი კლიმატ-მეგობრული გადაწყვეტების განვითარებად ქვეყნებში რეპლიკაცია და გაცნობა.

მოლოდინი

საკმაოდ მაღალია საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი COP27-ის მიმართ.

„წინ კოლოსალური სამუშაოა. ისეთივე კოლოსალური, როგორც კლიმატის ზემოქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. [...] COP27 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დიდი გზა გვაქვს წინ გასავლელად“ - განაცხადა ანტონიო გუტიერესმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„იმედია, რომ COP27 იქნება გარდამტეხი წერტილი, სადაც მსოფლიო გაერთიანდა და გამოავლინა საჭირო პოლიტიკური ნება კლიმატის გამოწვევის საპასუხოდ შეთანხმებული, თანამშრომლობითი და ეფექტიანი მოქმედებებით, სადაც შეთანხმებები და დაპირებები გადაითარგმნა პროექტებსა და პროგრამებში, […] და აღარ განირჩევა „ჩვენ და ისინი“, არამედ გამოიკვეთება ერთი მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც საერთო პლანეტის და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის მუშაობს.“ - აღნიშნულია ეგვიპტის განცხადებაში

„ევროკავშირი მოელის, რომ შარმ ელ-შეიხში, მსოფლიო ლიდერები და მინისტრები მოახდენენ თავიანთი მოვალეობის დემონსტრირებას გაზრდილი ამბიციების განხორციელებაში. კლიმატის მოქმედების დაჩქარება აუცილებელია პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანთან შესაბამისობისთვის. [...] მიუხედავად COP26-ზე გაკეთებული განცხადებებისა ამ წლის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ემისიების სხვაობის ანგარიშიც ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შორდება პარიზის შეთანხმებით დასახულ მიზანს, განსაკუთრებით კი 1.5°C-ს. არსებული პოლიტიკებით, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდას ამ საუკუნის ბოლომდე 2.8°C-მდე უნდა ველოდოთ, ხოლო ამჟამინდელი დაპირებების განხორციელების შემთხევაში - 2.4-2.6°C-მდე.

ამიტომ აუცილებელია COP27-ზე პოლიტიკური ზეწოლისა და ბიძგის შენარჩუნება და მსოფლიოს უმსხვილესი სათბურის აირების გამფრქვევების დარწმუნება მიიღონ გადაუდებელი ზომები სათბურის აირების ემისიების უფრო სწრაფად შესამცირებლად.” - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

საქართველო და COP27

საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 7-8 ნოემბერს ლიდერების სამიტში და სიტყვითაც წარსდგება. ამის გარდა, საქართველოს დელეგაცია, წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და DLA Piper პრო-ბონო თანამშრომლებით, აქტიურად მიჰყვებიან მოლაპარაკებებს. წელს, მსგავსად გასული წლისა, საქართველოს დელეგაციის დღის წესრიგის ნაწილი კონვენციის სხვადასხვა ორგანოში სამართლიანი წარმომადგენლობა იქნება.

_________________________________ [1] COP-ის ადგილი მონაცვლეობს გაეროს ხუთ ჯგუფს შორის: აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, და დასავლეთ ევროპა და სხვა. სწორე ამიტომ მოიხსენიებენ ეგვიპტის COP-ს, როგორც აფრიკის COP-ს. [2] კლიმატის ცვლილების შერბილება (mitigation) - ძალისხმევა რომელიც სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას და მათი შთანთქმების გაზრდას/გაძლიერებას გულისხმობს. [3] კლიმატის ცვლილებით უკვე გამოწვეული ან მომავალი ზემოქმედებებიდან მომდინარე რისკების შემცირება ან განეიტრალება.

_________________________________

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.


110 views0 comments

Comments


bottom of page